თეგი: ვანო მერაბიშვილი

კულტურის მინისტრი: მერაბიშვილი ხუმრობს

მერაბიშვილი ხუმრობს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. „მერაბიშვილი ხუმრობს. რა შეიძლება, ამაზე მეტი იფიქრო ადამიანმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ისევ გაიმარჯვებენ".  

ვანო მერბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ საქმე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აღიძრა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ამ მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ცემისთვის ან სხვაგვარი ძალადობისთვის. მანამდე, რუსთავი2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილსა და „უცნობის“ სიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  „დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას“, - განაცხადა გიგიშა შარაშიძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.  

გია გაჩეჩილაძის სიძის ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი არ არის წინააღმდეგი, ჩვენება მისცეს

გია გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი არ არის წინააღმდეგი, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ჩვენება მისცეს. „არცერთი ხასიათის დაზიანება არ არსებობს, მაშინ იწყება გამოძიება ძალადობის მუხლით, რადგან ძალადობის ფაქტია აღწერილი და დადასტურებულიც შარაშიძის მიერ, თუმცა ამ ძალადობის შედეგად კონკრეტულად დაზარალებულს უნდა განეცადა ფიზიკური ტკივილი. განიცადა თუ არა ტკივილი, ეს უნდა თქვას თავად დაზარალებულმა. თუ მან თქვა, რომ ინციდენტი მოხდა, მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, საგამოძიებო ორგანოებს უბრალოდ ვერ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ პიროვნებას ბრალი წაუყენონ, მიუხედავად იმისა, რომ მომეჩვენა, ისინი დეტალურად კითხულობდნენ და დაინტერესებულები იყვნენ ბრალის წარდგენაზე. შარაშიძემ გულწრფელად უპასუხა ყველა კითხვას. ჯერი დაზარალებულზეა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი არ განეცადა და თქვას, რომ დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირიქით თქვას“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა. ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაწყებულია გამოძიება.  

სააკაშვილის ინტერვიუს უყურადღებოდ დატოვება არ შემიძლია, დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის უსინდისო საქციელი - მერაბიშვილი

რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ქვეყნის მტრებთან კოლაბორაციის მაგალითებით, - ამის შესახებ საქართველოს შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მერაბიშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება არ შეუძლია და ამორალურია, როცა აბრალებენ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის. მერაბიშვილის თქმით, სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო. "მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის. სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია. რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი. უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა. რუსეთი მტერია, უკრაინა გაიმარჯვებს და მასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, საქართველოც გავა სამშვიდობოზე. სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!" - წერს ის. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ადამიენები, რომლებმაც უკრაინიდან 2021 წელს საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.  

ვანო მერაბიშვილი არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს - "ნაციონალური მოძრაობა"

ვანო მერაბიშვილი არის „ენმ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს, - ასე ეხმაურება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია „ენმ“ აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. ვანო მერაბიშვილი არის „ენმ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში. კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია “ენმ” აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს. კიდევ ერთხელ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი“,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ „საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ მეტია ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ერთად”.